სანდრო ასათიანი – სწავლა და სწავლება ციფრულ ეპოქაში

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ხდება ახალი, ოპტიმალური მოდელების შემუშავება სწავლებისა და მუშაობის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ის მოდელი რომელიც ინდუსტრიულ ეპოქაში შეიქმნა ქარხნის მუშაობის პროცესს იმეორებს. სასწავლო დაწესებულებებში და სხვადასხვა კომპანიების ოფისებში, ისევე როგორც ინდუსტრიული ეპოქის ქარხნებში, ყველასთვის ერთნაირი, სტანდარტული გარემო არის შექმნილი. დრო მკაცრად არის რეგლამენტირებული. თანამშრომლები, ისევე როგორც მოწაფეები, მათი მონაწილეობის გარეშე შემუშავებული წესების ფარგლებში მოქმედებენ.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და ICT სფეროში მომუშავე კომპანიები ახალ მოდელებს ეძებენ, რომლებიც ერთი მხრივ ეფექტური, მეორე მხრივ კი დღევანდელ რეალიებს მორგებული იქნება. ერთ-ერთი ასეთ მოდელი ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებულ, სახელოსნოს პრინციპზე აგებულ თანამშრომლობას მოგვაგონებს. მაგალითად შუა საუკუნეებში სწავლება და მუშაობა ერთმანეთისაგან არ იყო მკვეთრად გამიჯნული. სახელოსნოში ადამიანი ერთდროულად სწავლობდა და მუშაობდა. სწავლება მუშაობით ხდებოდა. დამწყები მარტივი, მაგრამ პრაქტიკული ამოცანის შესრულებიდან ნელ-ნელა უფრო რთულზე გადადიოდა. ინდუსტრიული ეპოქისაგან განსხვავებით მკვეთრად არ იყო განსაზღვრული სამუშაო განრიგიც, სახელოსნოები პროექტებზე მუშაობდნენ. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო პროექტის დროულად დასრულება და არა ყოველ დღე კონკრეტულ დროს სამუშაოს დაწყება, დამთავრება. არ არსებობდა ნიმუშები, მაგალითები, პროტოტიპები. შესაბამისად მუდამ გამოგონება, ახლის შექმნა ან არსებულის ახალ რეალიებზე მორგება იყო საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო კრეატიულობა და არსებული პრობლემის გადაჭრის უნარი. ICT კომპანიებიც დღეს მუდამ ახალს ქმნიან. ხშირად ხდება აუცილებელი რაღაცის გამოგონება, არსებულ პროექტს, რეალიებს მორგება. შესაბამისად სწავლებისა და მუშაობისას მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა სადაც ადამიანი კომფორტულად იგრძნობს თავს და თავისი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას შეძლებს

details
Theme developed by TouchSize - Premium WordPress Themes and Websites